პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტების ცემის ფაქტებზე საუბრობს.
როგორც ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის აღნიშნულ შემთხვევას თავად შეესწრო.
მისი თქმით, ქუთაისში, თეთრ ხიდთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტები გაზეთებს არიგებდნენ. ამ დროს, მათ დაახლოებით 15 პიროვნება დაესხა თავს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, წაართვეს სააგიტაციო მასალები და მდინარეში გადაყარეს.
პარტიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, მაგრამ პოლიცია არ მისულა.
„მზად ვარ ჩავიდე ქუთაისში, ავიღო „ქართული ოცნების“ გაზეთები და თვითონ დავარიგო. ვფიქრობ, რომ საჭიროა სწორი, ადეკვატური და დროული რეაგირება გვქონდეს პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, რადგან ეს უკვე არის საშიში ტენდენცია“ – განაცხადა მამუკა ბალიაშვილმა.

















