საქართველოს პარლამენტში დღეს გაიხსნა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის სხდომა.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბარში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ევროპელი სტუმრები ქართველ დეპუტატებთან ერთად, ხვალ ბაქოში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო განზომილების“ - ევრონესტის პლენარულ სესიაში.
„ამ ასამბლეაში საქართველოს ყოფნა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციაში მონაწილეობა, როგორც პოლიტიკურად და იდეოლოგიურად, ასევე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირის მასშტაბით მემარჯვენე და მემარჯვენე ცენტრისტების დიდი გაერთიანებაა.

















