"რესპუბლიკურ პარტიაში" უკან დაბრუნებას არ ვაპირებ და არც ერთ პარტიას არ დავეკითხები, როგორ ვითანამშრომლო ბიძინა ივანიშვილთან.
ეს განცხადება ყოფილმა "რესპუბლიკელმა", ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას გააკეთა.
მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, მისი კონკურენტი არ გახდება და მასთან მინიმუმ მაჟორიტარული წესით თანამშრომლობაზე იქნება თანახმა.
"რესპუბლიკური პარტიის" ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი დამაბრკოლებელი ძალა, რაც მას აიძულებს, კოალიციაში არ გაწევრიანდეს, ეს შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს.
"თვითონ მან საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება და ჩვენზე თქვას, რომ ეს ძალა არის დესტრუქციული, სააკაშვილთან შეკრულია და ეს ჯგუფი ჩვენ არ გვჭირდება. თუმცა, მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველი არ აქვს. ამიტომ ვფიქობთ, რომ კოალიციაში მისასვლელი პირდაპირი გზა არსებობს" - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ყოფილმა "რესპუბლიკელმა" ასევე აღნიშნა, რომ პარტიის მხრიდან მისი კოალიციაში გაწევრიანების ხელის შეშლის ერთ-ერთი მიზეზი კონკურენციაა. "რესპუბლიკელები შიდაკონკურენციას გრძნობენ. ვფიქრობ, თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და არა კონფრონტაციის", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მისი თქმით, "რესპუბლიკელებმა" კოალიციის გაფართოება შეიძლება შეაფერხონ, მაგრამ ვერ შეაჩერებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს თავად ღებულობს.

















