არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი საქართველოს“ ლიდერის ვალერი გელბახიანის შეფასებით, NDI-ის კვლევების მიხედვით, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი თანდათან იკლებს.
მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში დაფიქსირდა, რომ საზოგადოების 75% აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც გელბახიანის აზრით, განპირობებული იყო პოლიტიკურ არენაზე ახალი სუბიექტის - ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გამოჩენით. თუმცა, მან აქვე აღნიშნა, რომ NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, არჩევნებზე წასვლის მსურველთა რიცხვმა 63%-მდე იკლო, ელექტორატის 12% კი, არჩევნებზე წასვლაზე უარს აცხადებს.
გელბახიანს არ უკვირს, რომ NDI-ის კვლევის შედეგებით, ოპოზიციურ პარტიებს მმართველ პარტიასთან შედარებით საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. მისი განმარტებით, ეს რეიტინგი ოპოზიციური პარტიების არასწორი აქცენტებით არის განპირობებული.
„ფორმულა, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველა ერთის წინააღმდეგ, ივანიშვილის მხრიდან არ განხორციელებულა“ - განაცხადა გელბახიანმა და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის მაღალი რეიტინგი გასაკვირი არ არის.

















