ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ვალერი გელბახიანს პირად თავდებში უდგებიან.
აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი თარგამაძემ გააკეთა. თარგამაძემ "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ერთად მზადყოფნა გამოთქვა ვალერი გელბახიანს პირად თავდებში ჩაუდგეს და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა საგამოძიებო ორგანოებში მის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
თარგამაძის შეფასებით, ვალერი გელბახიანი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. იგი ოთხ წელზე მეტია, რაც იძულებით ემიგრაციაში იმყოფება.
"მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი ჯერ არ არის, უფრო მეტიც, გამოძიება ერთ ადგილზეა გაყინული. ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირებიდან ზოგი გარდაცვლილია, ზოგიც საპატიმროდან გათავისუფლებულია"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, ვალერი გელბახიანი პოლიტიკური ფიგურაა.
"ჩვენი მორალურ-ზნეობრივი თვითშეგნებიდან გამომდინარე მზად ვართ ვალერი გელბახიანს საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება პირადი თავდებობით შეეცვალოს" - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ვალერი გელბახიანის მხარდამჭერი განცხადება რამდენიმე დღის წინ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" მთავარმა საბჭომაც გაავრცელა.

















