საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევები ზოგადად საზოგადოების აზრს არასოდეს გამოხატავს.
აღნიშნული განცხადება „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარემ თამარ ჩხეიძემ NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, ისევე როგორც არჩევნების დღეს გამოქვეყნებული ეგზიტპოლები, ასეთი კვლევებიც არა რეალურ, არამედ დაგეგმილ შედეგებს ასახავენ.
„ეს კვლევები იმითაა საინტერესო, რომ მათ უკან მდგომი ძალების განზრახვას ვიგებთ. ამ შემთხვევაში რა განზრახვა ჰქონდა შემკვეთს, ჯერჯერობით გაუგებარია“ - განაცხადა ჩხეიძემ
ჟურნალისტებთან საუბრისას ჩხეიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო და განმარტა, რომ შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის დაბალი მაჩვენებლის თაობაზე NDI-ის კვლევა რეალურ შედეგებს არ ასახავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგმა საგრძნობლად იკლო.
ჩხეიძის აზრით, ივანიშვილის რეიტინგის კლების მიზეზი მისი გაურკვეველი შინაარსის განცხადებები, არააქტიური საარჩევნო კამპანია და არაპოპულარული გარემოცვაა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ე.წ. რუსული ფულის არსებობის უარყოფა გულუბრყვილობა იქნება.
„რა თქმა უნდა რუსული ფული არსებობს, როდესაც საქმეში ასეთი ფულია, ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან მდგომი ძალების მხრიდან გარკვეული შეკვეთა იქნება“ - განაცხადა საზოგადოების თავმჯდომარემ და დასძინა, რომ დღეისთვის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ინტერესები ქვეყნის ინტერესს არ ეფუძნება.

















