საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე დეპუტატის ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს არამართებულს უწოდებს.
მისი თქმით, ასაკობრივი ცენზი იმისთვის არსებობს, რომ სხვადასხვა სახის თანამდებობაზე პირის არჩევისას, ამ პირს ჰქონდეს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად.
„პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და კანონებისთვის, რომლის მიხედვითაც მთელმა ქვეყანამ უნდა ისარგებლოს, საკმარისი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. 21 წლის ასაკში კი, მოქალაქეს იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრული უმაღლესი განათლებაც არ აქვს დასრულებული“- განაცხადა ხმალაძემ.
მისი განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილებების გაცნობიერებულად მიღებისთვის არა მარტო ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებაც არის საჭირო.
„კონსტიტუციამ ისეთი პირობები უნდა შექმნას, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული მოქალაქე იჯდეს პარლამენტში. ამ შემთხვევაში, იზრდება სწორი განათლების მიღების და მცირდება შეცდომის დაშვების ალბათობა“ - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.
ცვლილების ინიციატორი საქართველოს პარლამენტის 80 წევრია.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის წევრად საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან აირჩევა.

















