თბილისში სამხრეთ კორეის საელჩო გაიხსნება. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიონ-ბაკმა სეულში ორმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ორი სახელმწიფოს პრეზიდენტებმა საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სამომავლო ურთიერთობზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე კორეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაკორუმპირებული გარემოთი, გამჭვირვალობითა და რეფორმების შედეგებით უნიკალურია მთელ რეგიონში.
შეხვედრაზე სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყება დაიგეგმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, კორეელი ბიზნესმენები საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
სააკაშვილი სეულში კორეის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, დაიგეგმა კონკრეტული პროექტების განხორციელება.
კორეელი ინვესტორები საქართველოში ორ ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ და რამდენიმე სასტუმროს ააშენებენ. ასევე, პროექტები განხორციელდება ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, თბილისში იგეგმება საავადმყოფოს აშენება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვლენ კორეელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ქვეყანაში არსებულ გარემოსა და შესაძლებლობებს.

















