საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" ინიციატივით, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვალ, სასტუმრო "თბილისი
მარიოტში", საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არჩევნების მონიტორინგის უფლების შეზღუდვაზე ისაუბრებენ.
"ამომრჩეველთა ლიგამ" ამ თემაზე განცხადება მედიის საშუალებით უკვე გააკეთა და საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ყველა სუბიექტს მოუწოდა, სასწრაფოდ შეიტანონ შესაბამისი ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში.
მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას სრული საარჩევო პროცესის მონიტორინგისთვის უფლება აქვს ჰყავდეს მხოლოდ ორი წარმომადგენელი.
როგორც ლიგაში აცხადებენ, კანონის ამ ნორმით შეუძლებელი ხდება არჩევნების საერთაშორისო სისტემის მონიტორინგი, რადგან შედეგად ვიღებთ მხოლოდ ორ საერთაშოირსო დამკვირვებელს 3 500-ზე მეტ საუბნო და 73 საოლქო და ცენტრალურ ოლქებში.

















