პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" თავმჯდომარე კახა სეთურიძე წინასაარჩევნო რეგისტრაციას ბიომეტრიული წესით მოითხოვს.
როგორც სეთურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყაზბეგის რაიონში ამომრჩეველთა სიებში ბევრი უზუსტობაა.
"ჩვენი პარტიის მიერ ყაზბეგის რაიონში "კარდაკარის" პრინციპით ჩატარებული ამომრჩეველთა აღწერის მიხედვით, სიაში მოხვდნენ ის პირები, რომლებიც რაიონიდან არიან გასული. 1 900 ამომრჩევლიდან ნაწილი გასულია ქვეყნის გარეთ და არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილს კი, არავითარი კავშირი არ აქვს ყაზბეგის რაიონთან და გაურკვეველია მათი ვინაობა" - განაცხადა სეთურიძემ
მისი თქმით, სიებში თითქმის 2 000 ამომრჩეველია, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ.
"მე მოვიყვანე ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი რაიონის მაგალითი და წარმოიდგინეთ რა ხდება საქართველოს სხვა კუთხეებში და დიდ ქალაქებში"- აღნიშნა სეთურიძემ.
მისი განცხადებით, ბიომეტრიული კომპონენტებით რეგისტრაცია საარჩევნო სიების ჩამოყალიბების ყველაზე მოკლე და ეფექტური გზაა.

















