პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა აშშ-ს კონგრესის ერთ-ერთი წევრის მაკდერმოტის
ინიციატივა სახელწოდებით - "საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012" დღეს საზოგადოებას გააცნო.
ხიდაშელის თქმით, აშშ-ს კონგრესში სპეციალური ინიციატივა 26 მარტს შევიდა და მისი ერთადერთი მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფაა.
"ეს არის ერთადერთი მიზანი, რაც ამ ინიციატივას აქვს. მისმა ავტორმა ჩამოაყალიბა დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პრიორიტეტულობის შესახებ და ასევე ის, რომ დემოკრატია არის საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის მთავარი საფუძველი"- აცხადებს ხიდაშელი.
ხიდაშელის განმარტებით, აღნიშნულ აქტში ცალსახად არის მითითებული, რომ მხოლოდ დემოკრატიული საქართველოს შემთხვევაში შეუძლია აშშ-ს იყოს მისი მხარდამჭერი, არადემოკრატიული საქართველო კი - მთელი რეგიონისთვის საფრთხის მატარებელია.
"ამ აქტში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველო საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ეს გამოწვევები მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებს უკავშირდება. ასევე, საუბარია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის უარყოფითი შედეგების, კონტროლის პალატის მიერ განხორცილებეული ზეწოლისა და ძალადობის ფაქტების შესახებ და იმაზე, რომ ხელისუფლება გაჩერებას არ აპირებს, თუ მას ღიად არ მინიშნებენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ასეთი ტიპის წინასაარჩევნო პროცესის გაგრძელება დაუშვებელია" -აღნიშნავს ხიდაშელი.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ქართულმა ნაციონალურმა ტელეარხმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აღნიშნული აქტით საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას ითხოვენ.
ხიდაშელის განმარტებით, აქტში მითითებულია, რომ 2013 წლის ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის არავითარი დაფინანსება არ გამოიყოფა, სანამ სახელმწიფო მდივანი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებას სენატის საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენლობის კომიტეტებთან არ დაადასტურებს.

















