ხელისუფლებამ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ონლაინ კონფერენციის ჩატარებისას ტექნიკური პრობლემები შეუქმნა, - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პრესკონფერენციის დაწყებისთანავე ნინო ბურჯანაძის ლიკე გვერდის კედელი ჩაიკეტა და რესპონდენტები საკუთარი შეკითხვების დადებას კედელზე ახალ პოსტად ვერ ახერხებდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის შეფასებით, გუშინდელი ონლაინ კონფერენცია იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ებრძვის სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ ილუზორულ სამყაროში აცხოვროს, რომელსაც კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით ქმნის.
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ონლაინ კონფერენცია გუშინ პარტიის "ფეისბუქის" გვერდზე 22:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

















