საქართველოს დელეგაციამ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ავღანეთის განვითარების რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-5 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ჯალაღანიამ ავღანეთის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
ქართულმა დელეგაციამ თემაზე - "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, როგორც რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკვანძო საკითხი" პრეზენტაცია გამართა. მასში ძირითადი ყურადღება საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებს დაეთმო.
კონფერენციის მსვლელობისას დავით ჯალაღანიამ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზალმაი რასულთან და მის პირველ მოადგილესთან ჯავედ ლუდინთან მოკლე შეხვედრები გამართა.
ასევე, დღეს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართული დელეგაცია ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მაჰმუდჯონ სობიროვს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავამხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

















