ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გუიდო ვესტერველეს თბილისში ვიზიტის დროს, მინისტრის მიერ ოპოზიციის შეხვედრაზე მისი მიწვევით შეურაცხყოფილი დარჩა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელ ონლაინთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ვესტერველეს მხრიდან შეხვედრაზე მიწვევა, ბიზნესმენმა აღნიშნა - „გულწრფელად, რომ გითხრათ ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩი. მან მიმიწვია შეხვედრაზე, სადაც იმ ფსევდო-ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებიც სააკაშვილს ჰყავს ჯიბეში. შესაძლოა, ის სწორად არ იყო ინფორმირებული“.
ინტერვიუში ბიზნესმენი საუბრობს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთი მეორის მიყოლებით იყიდა და, რომ მოქალაქეების ნდობა რამდენიმე წესიერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაკარგა.
„მე უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაში. მაქვს ფული, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ხალხის ნდობაა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიზნესმენი ინტერვიუში იმის თაობაზეც საუბრობს, რომ ვესტერველეს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მის ასობით მხარდამჭერს დაკითხვებს უწყობენ.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. სასტუმრო „რედისონში“ შეხვედრაზე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი მაგდა ანიკაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ექსპერტი გია ნოდია ესწრებოდა.

















