ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების გავრცელებისა და მისი კონტრაბანდით გამოწვეული საფრთხეებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული.
ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სააკაშვილის სიტყვის სრული ვერსია კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
სააკაშვილის განმარტებით, საქართველო გეოგრაფიულად დედამიწის ყველაზე სახიფათო გზაჯვარედინზე მდებარეობს და ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას.
"ჩვენს რეგიონში საჭიროა ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო ჩართულობა, საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უნდა განვაგრძოთ და რადიოაქტიური წყაროების დაცვა უზრუნველვყოთ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
"ამ საფრთხების განეიტრალება ცალკე არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია. ასე რომ, გვერდზე უნდა გადავდოთ პაექრობაც და დაძაბულობაც და ერთად ვიმუშაოთ"- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესაქმნელად მუშაობის გააქტიურებაა საჭირო.
სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა მონაწილეობს.
სამიტის ყველა მონაწილემ ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების საფრთხეებზე ისაუბრა.
სამხრეთ კორეის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

















