პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები პარტიის წევრის სერგო ჩაჩიბაის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ხელისუფლება სამეგრელოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალაუფლებას კარგავს.
„ხელისუფლება მსგავსი ფორმებით ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში ჩვენი მოქალაქეებისა და აქტივისტების დაშინებას ცდილობს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, რომელმაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, სერგო ჩაჩიბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მისი თქმით, სერგო ჩაჩიაბია ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს დააკავეს. მის საქმეზე გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჩაჩიბაია ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.
მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩაჩიბაიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას მიაწოდა ინფორმაცია.

















