„მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ტექნიკურ სფეროში მომუშავე ინტელიგენციის შეურაცხყოფის გამო უსაყვედურა.
პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე შაშკინმა აღნიშნა, რომ ე.წ. „გეპეიში“ ადრე ის აბიტურიენტები აბარებდნენ, რომლებიც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ხვდებოდნენ. მინისტრის თქმით, ე.წ. „გეპეის“ საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტზე წელს პირველად ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის.
ზურაბ ტყემალაძემ შაშკინის სწორედ ეს განცხადება გააკრიტიკა.
„ეს არის ტექნიკური ინტელიგენციის შეურაცხყოფა” – მიმართა ტყემალაძემ განათლების მინისტრს და იქვე დაამატა, რომ თავადაც ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულია.
შაშკინმა ტყემალაძეს უპასუხა, რომ მას არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ეს ხუმრობად უნდა ჩათვალონ.

















