"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრის შალვა ოგბაიძის შეფასებით, ტოტალიტარული მმართველობის ქვეყნებში სოციოლოგიური კვლევები რეალურ სურათს არ იძლევა.
ოგბაიძის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც NDI-ია, რეალური სურათის გადმოცემის ნაცვლად, საეჭვოდ უწყობს ხელს მმართველი რეჟიმის ინტერესების გამყარებას.
"როგორ შეიძლება 50% თვლიდეს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. ეს წარმოუდგენელი ციფრია. ალბათ ადამიანები დაშინებული არიან ან კვლევა არ შეესაბამება სინამდვილეს ან კიდევ, ორივე ერთად"- განუცხადა "ნიუსპრესს" შალვა ოგბაიძემ.
მისი განმარტებით, საზოგადოების დიდი ნაწილი სოციოლოგიური გამოკითხვისას ტოტალური დაშინებისა და დევნის შიშით რეალური პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
ოგბაიძის განცხადებით, ასეთი ტიპის კვლევები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას იმის შესახებ, რომ მაინც "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს და, რომ მაინც ის იქნება მმართველი.
NDI-ის კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიებისთვის გუშინ გახდა ცნობილი. კვლევის მიხედვით შედგენილ რეიტინგში "ნაციონალურ მოძრაობას" 47% აქვს, "ქართული ოცნებას" - 10%-ზე მეტი, "ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას" –3%.
NDI–მ კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3 161 რესპონდენტი გამოკითხა.

















