"ჯვრის მონასტრის საკითხი საქართველოსთვის სენსიტიური თემაა და ძალიან ადვილად შეიძლება ამ თემით მანიპულირება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ზედმეტი მედიახმაური საჭირო არ არის.
"ჩვენი ამოცანა ამ თემაზე დისკუსიაა და ეს დისკუსია მესაკუთრესთან, ანუ იერუსალიმის საპატრიარქოსთან უნდა წარიმართოს. ზოგიერთმა მედია საშუალებამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ამ თემას, რომ იერუსალიმის და ისრაელის გვერდის ავლით ხდებოდა დისკუსიები" - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
ბერძნულმა გაზეთმა გამოაქვეყნა იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის საუბრის ჩანაწერი, სადაც დავით ბაქრაძე ბოდიშს უხდის პატრიარქს მედია საშუალებებში შექმნილი აჟიოტაჟის გამო.

















