შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 29 მარტს პარლამენტში გამოცხადდება და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ოპოზიციურმა ფრაქციამ სამთავრობო საათზე ორი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მისვლა მოითხოვა. დავით ბაქრაძის განმარტებით, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 28–30 მარტს უკრაინაში მიდის ოფიციალური ვიზიტით და ამდენად, ის სამთავრობო საათზე ვერ გამოცხადდება.
"ვანო მერაბიშვილი მზად არის პარლამენტში გამოცხადდეს და დასმულ შეკითხვეს უპასუხოს" – განაცხადა ბაქრაძემ.
შს და იუსტიციის მინისტრებთან ოპოზიციურ ფრაქციას 10 შეკითხვა აქვს. ეს ეხება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობას, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებას და ჟურნალისტ სოფო ნიკოლეიშვილის დაკავებას.

















