ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, სეულში საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე მაროკოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძისა და მისი თურქი და მაროკოელი კოლეგების შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობის, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას შეეხო.
„განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები“ - აღნიშნა ვაშაძემ.
სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პირველი სესია დასრულდა. ლიდერების სამუშაო ვახშმის შემდეგ, მეორე სესია დაიწყება. დღის ბოლოს ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

















