საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, თავისი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებსა და
იქიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარს დაუთმო.
პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო შეიქმნა.
საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა.
მან ყურადღება ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზეც გაამახვილა და ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
სეულში სამიტის პლენარული სესიის სახელწოდება იყო - „ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“.
სესიაზე სამიტის ყველა მონაწილემ ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე, ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების საფრთხეებსა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
პლენარული სესიის დასრულების შემდეგ, სეულში შეკრებილი ლიდერები ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ.
სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა მონაწილეობს.
სამხრეთ კორეის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

















