"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი რეზერვისტთა გაწვევის ახალი კონცეფციის შექმნას უარყოფითად აფასებს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უსუფაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რაც ნიშნავს მეორე ტიპის რეზერვი.
"რა საჭიროა ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც ხელისუფლებას გარკვეულ კრიზისულ სიტუაციაში რაღაცეებში დაეხმარება. რა კრიზისული სიტუაციებია ხელისუფლების მხრიდან დანახული, რომელსაც ამ ტიპის სამოქალაქო ფორმირებების შექმნა სჭირდება, ჩვენთვის გაურკვეველია" - აღნიშნა უსუფაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ისედაც უკვე არსებობს რეზერვისტთა გაწვევის სისტემა და ისინი შესაბამის მზადებას გადიან.
მისი განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადება - არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ, ძალიან საყურადღებოა.
"მან სწორი ნაბიჯი გადადგა ამ თემის გახმაურებით. თუ რაიმე საფუძველი და ინფორმაცია არსებობს მასზე გაჩუმება დაუშვებელია" - აღნიშნა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს პასუხს ალასანიას განცხადებაზე, უსუფაშვილი ამბობს, რომ ამ პასუხმა აღნიშნულ საქმეს მეტი ბუნდოვანება შემატა. "ეს მნიშვნელოვანი თემაა და უსაფუძვლო სპეკულაციები დაუშვებელია" - დასძინა რესპუბლიკელთა ლიდერმა.

















