საქართველოს დელეგაცია 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას მოითხოვს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავების საკითხს დასვამს.
მისი თქმით, ეს პრობლემა დღეს განსაკუთრებით მწვავეა, რადგან ბოლო პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დაკავების ფაქტები გახშირდა.
მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, ამ რეგიონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგება აუცილებელია, რის შესახებაც ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჟენევაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხიც დადგება.

















