"კარდაკარი"-ს პროექტში მონაწილე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო შემწეობის შეწყვეტა ემუქრება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიკა ნაღებაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისია საქართველოს მასშტაბით "კარდაკარი"–ს პროექტის განხორციელებას იწყებს.
"კარდაკარი" აპრილი – მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 11 ათასი ადამიანი მიიღებს. საშუალოდ მათი ანაზღაურება 150 ლარს შეადგენს. ჯგუფების მომზადების პროცესი უკვე დასრულდა და ჩვენი ინფორმაციით, იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც პროექტში ჩაერთო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზის ბენეფიციარია და სოციალურ დახმარებას იღებს" - აღნიშნა ნაღებაშვილმა.
მისივე განცხადებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო კომისიის პროექტში ჩართვისა და ერთჯერადად 150 ლარიანი ანაზღაურების გამო, ამ ადამიანებს სახელმწიფომ ყოველთვიური საარსებო შემწეობა და შეღავათები მოუხსნას, რაც არსებული პრეცედენტებიდან გამომდინარე მოულოდნელი არ არის.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ვთხოვთ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად გააკონტროლოს, თუ სოციალურად დაუცველი რამდენი ადამიანია ჩართული "კარდაკარი"–ს პროგრამაში. ასევე საჭიროა შემუშავდეს დაცვითი მექანიზმი, რითიც თავიდან იქნება აცილებული ის გაუგებრობა და უსამართლობა, რაც წინა პერიოდში დაფიქსირდა უკიდურესად გაჭირვებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ" - აღნიშნა ნაღებაშვილმა.

















