ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ მიმდინარე დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისას ცხინვალის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გამოტანის მცდელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება.
"საკუთარი ბიულეტენის მიღების პროცესში მოქალაქემ დასტიდან სხვა ბიულეტენების აღება და გარეთ გასვლა სცადა. მცდელობა სამართალდამცავებმა დროულად აღკვეთეს" - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი ვალიევმა.
ეს ფაქტი ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამაც დაადასტურა.
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სასამართლოს გადაეცემა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 08:00 საათზე დაიწყო. ე.წ. არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 34 360 მოქალაქეა რეგისტრირებული.

















