ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით პარლამენტში პროფესიული ცენზის შესუსტებას ითხოვენ.
შესაბამისი წინადადებით დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ზვიად კუკავა გამოვიდა.
"ეროვნული ბანკის შესახებ" მოქმედი კანონის თანახმად, ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პატიოსნებით გამოირჩევიან და ეკონომიკისა და ფინანსების დარგში პროფესიონალები არიან.
კუკავას მოთხოვნით, საბჭოში ორი წევრი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ეკონომიკისა და ფინანსების დარგში პროფესიონალიზმი არ მოეთხოვება.
დეპუტატის ამ წინადადებასთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე, თავისი ვარაუდი გამოთქვა ვიცე-სპიკერმა, ოპიზიციონერმა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, როგორც ჩანს უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც მომავალ პარლამენტში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს, ადგილს ეროვნული ბანკის საბჭოში იმზადებს.
"თავად ხომ არ აპირებ ეროვნულ ბანკში წასვლას?"- მიმართა ვეფხვაძემ კოლეგას, რომელმაც პასუხი არ დააყოვნა და იუმორით განაცხადა, რომ კახა ანჯაფარიძესთან ერთად აპირებს ეროვნული ბანკის საბჭოში მუშაობას.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კუკავას ინიციატივას დაეთანხმა და გაიზიარა.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა და 7 წევრისაგან შედგება.

















