ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი ხვალ შესრულდება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს სპეციალური განცხადება გავრცელდა.
როგორც "ნიუსპრესს" ამერიკის საელოჩდან აცნობეს, განვლილი ოცი წლის განმავლობაში, აშშ-ს მშვიდობის კორპუსის ასობით მოხალისემ იმსახურა საქართველოში, ხოლო აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში 5 000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო.
საელჩოს ინფორმაციით, 20 წლის განმავლობაში, აშშ-მ საქართველოს 3 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა - ბოლო ათწელში სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამერიკა მადლობას უხდის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში მონაწილეობისთვის.
"დღეს ვსვამთ ქართველი მეომრების სადღეგრძელოს, ვაფასებთ თქვენს ღვაწლს, ვსვამთ ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობის სადღეგრძელოს. მომავალი ოცი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას გაუმარჯოს!" - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
პრეზიდენტი ბარაქ ობამა: "საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მიაღწია".
საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 24 მარტს დაამყარეს.

















