საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას
- ხელისუფლების მიერ სამეგრელოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ, შიზოფრენია უწოდა.
"ჯობს შიზოფრენიულ პოზას თავი დაანებონ, მითუმეტეს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს" - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით, ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ვაშაძემ განაცხადა, რომ ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელთა გამონათქვამებზე კომენტარს არ გააკეთებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში ნათქვამია - "მსგავსი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერორის პოლიტიკას აგრძელებს როგორც თავად საქართველოში ისე მოსაზღვრე გალის რაიონში. რა თქმა უნდა, შეიარაღებული ფორმირებები რეგიონში სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს".

















