"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დასუფთავების გადასახადის მინიმუმ განახევრებას მოითხოვს.
დღეს პარლამენტში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ NDI-ის კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის თანახმად, თბილისელების 72% მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადის მიბმას ასახელებს. გამოკითხულთა 95% აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გააუარესა.
ვეფხვაძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში განიხილება მათი საჩივარი, რომელიც ელექტროენერგიის დასუფთავების გადასახადთან მიბმის გაუქმებას შეეხება. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ვეფხვაძის აზრით, გადასახადი უნდა განახევრდეს.
ვიცე-სპიკერმა ბოლო დროს, თბილისში, CO-თი მოწამვლის ფაქტების გახშირება დასუფთავებისა და ელექტოენერგიის გადასახადების მიბმას დაუკავშირა.
"მოსახლეობა უხარისხო გაზის გამათბობლებს ამონტაჟებს, რადგან ხარისხიანის შეძენის საშუალება არა აქვს. შესაბამისად, მათი სისცოცხლე საფრთხეში დგება და ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობა საკრებულოში იმ ადამიანებს ეკისრება, ვინც ამ გადასახადის დაწესებას დაუჭირა მხარი" – აღნიშნა ვეფხვაძემ.
სამუშიას შეფასებით, საკრებულოს უმრავლესობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.
სამუშია, მომავალ კვირას, საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების გადასახადის განახევრების საკითხს დასვამს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, მისი თქმით, ამ გადასახადის გაუქმების და მოსაკრებელის ძველი წესის აღდგენის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

















