ექსპერტის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ დასავლეთი "ცუდად მოიქცევა" ქართული ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ცვლილება მოხდება.
ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა.
"თუ დასავლეთი ძალიან კრიტიკული იქნება იმ საკითხების მიმართ, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დარჩენაა დამოკიდებული, მაშინ გამორიცხული არაა მან დასავლურ ორიენტაციეზე უარი თქვას" - განაცხადა ექსპერტმა ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
რამაზ საყვარელიძის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მძაფრი რეაქცია დასავლეთის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა გამოიწვია.
"იგულისხმება იგივე ჯონ ბასის განცხადება, რომლის კორექცია-შერბილება მან შემდგომ თავადვე გადაწყვიტა" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისი განმარტებით, თუ ბასის რეაქციით ვიმსჯელებთ, დასავლეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და ამ სივრცეზე კონტროლის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტაცია.
"ამიტომ ეცდებიან, საჯარო გამოსვლებში უფრო ფრთხილი იყვნენ" - აღნიშნა ექსპერტმა.
ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დასავლეთის მისამართით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, აშშ-ს ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, შოთა მალაშხიამ კი განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ს დირექტივებს იმდენად გაითვალისწინებს, რამდენადაც ამას საჭიროდ ჩათვლის.

















