საქართველოს ხელისუფლება აშშ-დან მხარდაჭერას კარგავს. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა თინა ხიდაშელმა დღეს
გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ხიდაშელმა აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, სადაც აშშ-ს სენატორი კარდინი და ელჩი ნორლენდი საქართველოზე საუბრობენ.
თინა ხიდაშელის თქმით, ჩანაწერში ძალიან ბევრი რამ საყურადღებო ფაქტია და კარგად ჩანს ის, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.
"ისინი საუბრობენ იმ მრავალმილიონიან პროექტებზე, რომელსაც აშშ დემოკრატიის კუთხით საქართველოში ახორციელებს. სენატორი კარდინი აცხადებს, რომ იგი შეხვდა სააკაშვილს და შეკითხვა დაუსვა, თუ რატომ არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ოპოზიციის კვალიფიციურ კანდიდატებს" - აცხადებს ხიდაშელი.
მისივე თქმით, სენატორი კარდინი აცხადებს, რომ ოპოზიცური პარტიებისთვის საქართველოში თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი და მათ უნდა ეძლეოდეთ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ხიდაშელის განცხადებით, აშშ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ხელისუფლების მთავარ გამოცდად განიხილავს.
"ქართველ ხალხს აქვს უფლება გაიგონ თუ რას ფიქრობენ იმ ქვეყანაში, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მომავალ კვირას ველოდებით მოვლენების განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ უფრო ხმამაღლა გამოხატავს მხარდაჭერას და საუბრები ამის შესახებ საჯარო გახდება" - განაცხადა ხიდაშელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ხედავს, რომ აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერას კარგავს, თუმცა, ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს ძვირად დაუჯდება.
"ჩვენი ამოცანაა ეს ასე არ მოხდეს, ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ და ხელისუფლება ლეგიტიმური გზით შეიცვალოს" - განაცხადა ხიდაშელმა.

















