პარტია "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ფრთის წევრები ქალაქის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებენ.
როგორც თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ლევან ხურცილავამ განაცხადა, მშვიდობის ხიდთან მდებარე კაზინო "შანგრილა" ძველი თბილისის არქიტექტურას არ შეესაბამება და ის ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
მისი თქმით, ძველი თბილისის არქიტექტურასთან შესაბამისობაში კაზინოს იერსახის შეცვლაა საჭირო, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მან ყველა არქიტექტურული ძეგლი დაფარა.
"ანალოგიური ქმედების თავიდან ასაცილებლად, მოვითხოვთ არქიტექტურის სამსახურიდან ის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, რომლებმაც კაზინოს მშენებლობის პროექტზე მოაწერეს ხელი"- აღნიშნა ხურცილავამ.
"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, არქიტექტურის სამსახურისგან იმ კრიტერიუმების წარმოდგენასაც მოითხოვენ, რა კრიტერიუმებითაც კაზინოს აშენება მოხდა.

















