გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.
მათ მოთხოვნას დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ჟურნალისტებმა დღეს აღნიშნული მოთხოვნით გამართულ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართვა გაუგზავნეს.
"საზოგადოებას დღემდე ახსოვს 26 მაისს მომხდარი შემზარავი დანაშაული, რომლის დროსაც გამოვლენილი ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები დღემდე არ გამოძიებულა. გამოძიებული არ არის გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტების გიორგი მამაცაშვილისა და ბექა სივსივაძის მიმართ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა მიერ გამოვლენილი სისასტიკე და დანაშაული" - ნათქვამია მიმართვაში.
ჟურნლისტების ადვოკატმა ეკა ბესელიამ აქციაზე განაცხადა, რომ ამ ფაქტებზე 2011 წლის 26 მაისის შემდეგ გამოძიება არ ჩატარებულა და ამ კუთხით არც არავინ დაკითხულა.
"ჩვენ, უფლებადამცველები სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც 26 მაისს დაზარალდა და თითქმის 1 წლის შემდეგ პროკურატურაში შეგვაქვს სარჩელი თანდართული ფაქტებით, ვიდეომასალითა და ექსპერტიზის დასკვნებით. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ვაპირებთ ევროპულ სასამართლოში გავასაჩივროთ იგი" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

















