"ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას საქმიანობის სქემა წარმოადგინა.
მისი განცხადებით, აღნიშნული სქემა ცხადჰყოფს ალასანიას მონოპოლისტულ მდგომარეობას განათლების სფეროში.
"საქართველოში ორი მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა. ერთს თურქული კაპიტალით პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, მეორეს -რუსული კაპიტალით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე" - განაცხადა დღეს სქემის პრეზენტაციაზე ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტს აფუძნებს, სადაც 37,5%-ს ფლობს, 12,5% კი - პრეზიდენტის ბიძაშვილს ნიკოლოზ ალასანიას ეკუთვნის.
ბაღათურიამ პრეზენტაციაზე სლაიდები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარმოადგინა, რომლიც გიული ალასანიას მიერ სხვადასხვა დაწესებულების ფლობას ეხება.
ბაღათურიამ ასევე ისაუბრა პრეზიდენტის დედის ბიზნესკავშირზე თურეთის მოქალაქე ფეთჰულაჰ გულენთან, რომელიც, მისი თქმით, დიდი კაპიტალის მფლობელია და საქართველოს განათლების სისტემაში ოპერირებს.
დეპუტატის აზრით, ქართველმა სამართალდამცველებმა გულენის საქმე უნდა შეისწავლონ. "ის ძებნილი არ არის, თუმცა, თურქეთის ხელისუფლების მიერ, იგი ადრე არაერთგზის იყო დაკავებული" – განაცხადა ბაღათურიამ.

















