საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას წნეხისგან ბიზნესის გათავისუფლებას ურჩევს.
თარგამაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს მთელი საგადასახადო სისტემა, პროკურატურა და პოლიცია მიდრეკილია იქითკენ, რომ დანაშაულის პროვოცირება მოახდინოს და არა პრევენცია.
"რომელიმეს გჯერათ, რომ საქართველოში 10 ბიზნესმენიდან 9 შეშინებული არ არის?" - იკითხა თარგამაძემ და დასძინა, რომ თუ ხელისუფლებას ამის სჯერა, საქმე უფრო ცუდად ყოფილა.
თარგამაძის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ბიზნესმენებს შეცდომის გამოსწორებაში დაეხმაროს და გადასახადები გადაახდევინოს, ციხეებში კეტავს და აღატაკებს.
"ეს პოლიტიკა უნდა შევცვალოთ. დასაქმებაზე საუბარი საუბრადვე დარჩება, თუ გარანტიებს არ შევქმნით, რათა დიდ ბიზნესში კონკურენცია იყოს, საშუალო ბიზნესი კი, მხარდაჭერილი" - განაცახდა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების გვერდით ქვეყანაში კონკურენცია ვერ ჩამოყალიბდება.

















