შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ბოდვას უწოდებს.
ჟურნალისტებთან საუბარში თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რამდენიმე თვეა სარეზერვო სისტემა იქმნება და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს სარეზერვო სამსახურში გაწევრიანდეს.
მისივე განმარტებით, ეს ნებაყოფლობითია და ამაში ანაზღაურებას არავინ იღებს.
ახალაიას ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურებში, დაახლოებით 40 ათასი ადამიანია უკვე გაწევრიანებული, საბოლოო ჯამში კი - 100 ათასი მოხალისე იქნება.
"ამ ყველაფრის უკან სისულელეები არ უნდა დაინახო. მაინცდამაინც რამდენიმე თვის წინ იმიტომ დავიწყეთ მისი შექმნა, რომ 2006 წელს ეს შეუძლებელი იყო. 2008 წლის ომმა კი - ამის აუცილებლობა დაგვანახა. ომი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რათა სრულფასოვანი ანალიზი ჩაგვეტარებინა. რეზერვისტები, მხოლოდ საომარი ვითარების დროს ჯარისკაცების დახმარების და სტიქიური უბედურებისას დამხმარე საშუალებაა. მხარეებს შორის დაპირისპირებისას მათი გამოყენება არ შეიძლება" - განმარტავს ახალაია.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესში მონაწილე კონკრეტული პიროვნებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ფორმირებების შექმნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ბაჩო ახალაიასა და მის ძმას დაავალა.

















