საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ირაკლი ალასანიას მიმართავს, რომ რეზერვში გაწევრიანების მსურველი თანაპარტიელების სია გადასცეს.
"რადგან ირაკლი ალასანიას ეჭვი აქვს, რომ რეზერვის ფორმირება მხოლოდ პარტიული ნიშნით ხდება, გადმოგვცეს მასში გაწევრიანების მსურველი თანაპარტიელების სია და რეზერვში მათ წასვლას ხელს არავინ შეუშლის. სამწუხაროდ, ომი, შრომა, რეზერვი "ნაციონალური მოძრაობის" ვალდებულებაა და ე.წ. ოპოზიციონერები ასეთ გაერთიანებში გაწევრიანებას თავს არიდებენ" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ბობოხიძე.
მისივე განმარტებით, ნებაყოფლობითი რეზერვი არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ყალიბდება.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია კი - სამეგრელოში შეიარაღებული ჯგუფების არსებობაზე საუბრობს და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას უშიშროების საბჭოს უგზავნის. მისი თქმით, ამ ფორმირებების გამოყენებას ხელისუფლება არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმავს.

















