ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის პირველი ეტაპი - "ედპ-ს კარდაკარის კამპანია" ქუთაისიდან დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს" ედპ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი ქუთაისის რეგიონულ აქტივს და ედპ-ს მხარდამჭერებს შეხვდნენ.
"მხარდამჭერებს გავაცანით პარტიის პოზიცია, ჩვენი განახლებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა. დიდი იმედი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებიც იმერეთის რეგიონში, ყველა რაიონსა თუ სოფელში მხარში გვიდგას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის" - განაცხადა გოგა გოგნიაშვილმა.
"ედპ-ს კარდაკარის კამპანიის" პირველი ეტაპი მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდებიან.

















