საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს ფრაქციაში მისვლისკენ მოუწოდებს.
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციამ ბეჟაშვილს მოსაწვევი ერთი კვირის წინ გაუგზავნა.
"სამწუხაროა, რომ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, თავს არიდებს ფრაქციაში მისვლას. იმის ნაცვლად, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის მაგალითის მიმცემი იყოთ, ერთგვარ მხარედ გადაიქცით. პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლი გავალდებულებთ, რომ ფრაქციის სხდომაზე მისი მოთხოვნის საფუძველზე მიხვიდეთ. სამწუხაროა, რომ ლევან ბეჟაშვილს არ ეყო პოლიტიკური ნება, ფრაქციის წინაშე გამოსულიყო. ეს კომუნიკაცია ვერ შედგა. გვაინტერესებს, რატომ ვერ შედგა იგი?" _ იკითხა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, იგი ამ მოწვევაზე რეაგირებას აპირებდა. მისი თქმით, იგი ბიუროს გადაწყვეტილებას ელოდა, თუ რა ფორმატით შედგებოდა შეხვედრა.
ლევან ბეჟაშვილმა რეგლამენტიდან ერთ–ერთი მუხლი წაიკითხა, რომლის თანახმადაც, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ფრაქციაში მისვლის ვალდებულება არა აქვს.

















