"ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილისგან პასუხი ვერ მიიღო იმის თაობაზე, თუ რამდენი
თანამდებობის პირის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აუდიტის მასალის საფუძველზე.
"თქვენი მასალის საფუძველზე რომელიმე მინისტრის ან პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა საქმე? დაასახელეთ ასეთი ფაქტები" – მიმართა დეპუტატმა ბეჟაშვილს.
კონტროლის პალატის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონტროლის პალატის ფუნქცია სისხლის სამართლის ნიშნების დადგენა არ არის, მისი საქმე აუდიტის განხორციელებაა.
"ჩვენ აუდიტის აქტს სამართალდამცავებს ვუგზავნით და ისინი ადგენენ აღძრან თუ არა საქმე" – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, 2011 წელი კონტროლის პალატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო, რადგან ბიუჯეტში 60 მლნ ლარი დაბრუნდა. მისივე თქმით, 35 პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, თუმცა, მას თანამდებობის არც ერთი პირის სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
"ჩვენ არა გვაქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დავსვათ" – განუცხადა ბეჟაშვილმა ბაღათურიას.

















