არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის" პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში
შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება დღეს ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ანდღულაძემ გააკეთა და მასმედიას ქვეყნისთვის მიღებული ცვლილებების მოსალოდნელი ზიანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ანდღულაძემ აღნიშნა, ცვლილებები ითვალისწინებს დაინტერესებულ პირსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შეთანხმების განუსაზღრელი ვადით გაფორმებას, რაც მიუღებელია.
მისი განმარტებით, შეთანხმების თანახმად, პირს არანაირი სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება და მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება კანონიერად ითვლება.
"აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ტყვიაშემცველი ბენზინის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ისე განხორციელდეს, რომ არავინ დაისაჯოს. ასეთივე ბედი ელის მიწის ნაყოფიერი ფენის დაზიანებასაც" - განაცხადა ანდღულაძემ.
როგორც იგი განმარტავს, კანონპროექტის არსებული სახით ამოქმედებამ, შესაძლოა, გარემოს მნიშვენლოვანი და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს და კერძო სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პოტენციური კონფლიქტების რისკი გაზარდოს.

















