პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირების ჩამოყალიბებას სუფთა ხელები სჭირდება.
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა "თავისუფალი საქართველოს" წევრის ალექსანდრე შალამბერიძის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა.
"შალამბერიძეს არა აქვს შუბლის ძარღვი, მაგრამ საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს და ყველაფერი ახსოვს. ამოვიღოთ სატელევიზიო ჩანაწერები და ვნახოთ, როგორ იცავდა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი შალამბერიძე 25%–იან საშემოსავლო გადასახადს მაშინ, როცა პროფკავშირები მის დაწევას მოითხოვდა. იბრძოლა პროფკავშირებმა და საბოლოოდ საშემოსავლო გადასახდმა 20%–მდე დაიკლო"- ნათქვამია პეტრიაშვილის განცხადებაში.
მისივე განმარტებით, ისინი ვერ გააკეთებენ პროფკავშირს, რადგან მას სუფთა ხელები სჭირდება.
"პროფკავშირის მიბმა ვერ მოხდება რეანიმირებულ ადამიანებთან, ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ტყუილად ჰგონიათ, რომ ტრადიციონალისტების, აღორძინების, ხალხის პარტიისა და სხვა პარტიებში სიარულის შემდეგ, პროფკავშირებში წარმატებულები იქნებიან"- აღნიშნულია განცხადებაში.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრებმა დღეს შპს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს დამოუკიდებელ პროფკავშირულ გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს.

















