ვენეციის კომისია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებით მიღებულ ოქმს საკუთარ ვებ-გვერდზე მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის ინფორმაციით, გასულ კვირაში, ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასა და ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონზე იმსჯელა. სხდომას საქართველოდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ესწრებოდა.
საიას თავმჯდომარის თქმით, დეტალები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ვენეციის კომისია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიღებულ ოქმს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვთ, რომელსაც ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს დახურულ კარს მიღმა აცნობენ.

















