ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა პროექტ - "კარდაკარისთვის" შექმნილი სახელმძღვანელოს
პრეზენტაცია გამართა.
როგორც დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, სახელმძღვანელო იმ რეგისტრატორებისთვის არის შექმნილი, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "კარდაკარის" პროექტს განახორციელებენ.
მისი თქმით, სახელმძღვანელო და სასწავლო კურსი რეგისტრატორებს საქმიანობის პროცესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
დღესვე, "ქორთიარდ მარიოტში" რეგისტრატორების ტრენერთა ტრენინგიც დაიწყება და 21 მარტამდე გაგრძელდება.
სწავლებას 39 ტრენერი გაივლის. ისინი თანამედროვე სწავლების მეთოდით მომზადდებიან და შემდეგ პროექტისთვის "კარდაკარი" 11 100 რეგისტრატორის სწავლებას უზრუნველყოფენ.

















