საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის მდივანმა
გიორგი ცაგარეიშვილმა ჭიაბერაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე უმრავი კითხვა დაისვა, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს.
"ჩვენი შეკითხვები დაზღვევის უკუღმართ სისტემას შეეხებოდა, ასევე, მრავალშვილიან ოჯახებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ექიმთა დახელოვნების საკითხს, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებს. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ჯანდაცვის რეფორმა სწორი კუთხით მიჰყავს, რის გამოც, ის არსებული პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, არჩევნების წინ, ჭიაბერაშვილის მსგავსი ადამიანის მოძებნა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ცესკო-ში მუშაობდა და კარგად ერკვევა – აღრიცხვაში, სტატისტიკასა და მონაცემთა სრული ბაზის შექმნაში.
"თუ ეს ადამიანი არაფრის შეცვლას არ აპირებს, წინა მინისტრი - ანდრია ურუშაძე რისთვის შეცვალეს, დაიღალა?" - აინტერესებს ცაგარეიშვილს.

















