კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯონ ბასის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ბასის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და კანონის არსებობა დაივიწყა.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებსაც ეხმაურება.
"ჩემი წარმომადგენელი დაიბარეს და 4 მილიონამდე ლარი გამოწერეს ჩემ სახელზე. ფულს რომელსაც ისინი ჩემი ორგანიზაციებიდან უკანონოდ კრეფენ, ისედაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მოხმარებას ვაპირებდი" - განაცხადა ივანიშვილმა.
"ამ მხრივ მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთან დამოკიდებულებაში მოხერხდა ხელისუფლებას გამოეაშკარავებინა საკუთარი სახე და ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც ის ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა"- აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა კონტროლის პალატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებების შედეგებზე შეშფოთება გამოთქვა.
ამის შესახებ მან კომენტარი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდებზე, რომლითაც კონტროლის პალატა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას ახორციელებს, ხელს ვერ შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ" - განაცხადა ჯონ ბასმა.

















