პოლიტიკური პარტია "ევროპელი დემოკრატები" ჯანდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს მოუწოდებს ჯანდაცვის სფეროს რეფორმის კონკრეტული, გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინოს.
აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლიკა ნაღებაშვილმა გააკეთა.
"მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილებების ერთადერთი მიზანი კონკრეტულ უწყებაში სიტუაციის გამოსწორება უნდა იყოს. ჩვენ ზურაბ ჭიაბერაშვილის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ მისივე თქმით ჯანდაცვის სამინისტრო წარმატებული იყო, რა დააშავა ანდრია ურუშაძემ და რა შეიცვლება სამინისტროში ჭიაბერაშვილის მისვლის შემთხვევაში?" - განაცხადა ნაღებაშვილმა.
"ევროპელ დემოკრატები " ჯანდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატს რამდენიმე შეკითხვით მიმართავენ. მათი თქმით საინტერესოა აპირებს თუ არა ჭიაბერაშვილი იმ აბსურდულ მეთოდოლოგიას გადახედოს, რომლითაც ქვეყანაში სიღარიბის ზღვარი დგინდება, ასევე გაირკვევა თუ არა მარტოხელა პენსიონერის სტატუსის აღდგენის საკითხი და როგორ მოხდება უმუშევრობასთან ბრძოლა.

















