"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას" რეგიონებში "სახალხო კრების" წევრების გადაბირებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ზუსტად ვიცი, რომ უამრავ ადამიანს, მათ შორის უმაღლეს ორგანოშიც კი, მაღალ ანაზღაურებას და "ქართულ ოცნებაში" გადასვლას სთავაზობენ. ერთის მხრივ ამბობენ, რომ რეიტინგი არ გვაქვს, მეორეს მხრივ კი - ჩემი პარტიის წევრებზე ნადირობა მიდის"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეს უარყოფითი ტენდენციაა და ოპოზიცურ ორბიტაზე ახლადგამოჩენილმა ძალამ ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი დამოუკიდებლად უნდა შექმნას.
ბურჯანაძის განცხადებით, "ქართული ოცენების" ამ ქმედებით "სახალხო კრებას" პრობლემა არ შეექმნება, რადგან მოძრაობაში ახალი ხალხი ყოველდღიურად წევრიანდება.
ამასთან, უკვე დადასტურდა, რომ "სახალხო კრება" რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი "ქართულ ოცნებას" უერთდება. თუმცა, როგორც "ნიუსპრესს" კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ქავთარაძის თაობაზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

















