საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი კონტროლის პალატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებების შედეგებზე შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ მან კომენტარი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდებზე, რომლითაც კონტროლის პალატა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას ახორციელებს, ხელს ვერ შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ" - განაცხადა ჯონ ბასმა.
როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, მათ მხარდამჭერებს კონტროლის პალატაში იბარებენ და ახსნა-განმარტებას უკანონოდ სთხოვენ. კოალიცია "ქართული ოცნებაშიც" შეშფოთებულები არიან იმის გამო რომ მათი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონტროლის პალატაში პერმანენტულად იბარებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტროლის პალატის მიერ დაბარებული პირების გამოუცხადებლობაზე გამოძიება დაიწყო.

















